როგორ ვისწავლოთ პროგრამირება 10-ჯერ სწრაფად? არ გაიმეორო ეს 5 შეცდომა!

ზოგჯერ პროგრამირების შესწავლა ძნელი გეჩვენება? აი, 5 მთავარი მიზეზი, თუ რატომ! გამკლავების გზებთან ერთად.

By გიგი ჩაკაბერია
როგორ ვისწავლოთ პროგრამირება 10-ჯერ სწრაფად? არ გაიმეორო ეს 5 შეცდომა!

პროგრამირების სწავლისას, გქონიათ ისეთი განცდა, თითქოს ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებთ? შეიძლება უყუროთ ვიდეოგაკვეთილს, ბოლოს იფიქროთ, რომ ყველაფერი გაიგეთ, მაგრამ მეორე დღეს საერთოდ აღარ გახსოვდეთ, როგორ მუშაობს ესა თუ ის დეტალი. მერე გიწევთ უკან დაბრუნება და ვიდეოს თავიდან ყურება.

სამწუხაროდ, ეს ციკლი შეიძლება ხშირად განმეორდეს და ალბათ ფიქრობთ, რომ თავში არაფერი გრჩებათ. ეს ძალიან გამაღიზიანებელია, რადგან გგონიათ, რომ წინ არ მიიწევთ.

ამ ბლოგში განვიხილავ იმ გავრცელებულ შეცდომებს, რომლებიც ხელს გიშლით და დროს გაკარგვინებთ კოდირების სწავლისას. თუმცა, წინასწარ გეტყვით: არ არსებობს ჯადოსნური გზა, რომელიც ერთ ღამეში პროგრამირების ექსპერტად გაქცევთ (არც კურსი). კარგი სწავლის ტექნიკების გამოყენების შემთხვევაშიც კი, დამწყები დეველოპერიდან პროფესიონალამდე ზრდას დრო სჭირდება.


რჩევა 1: შეიმუშავეთ გეგმა (არ ისწავლოთ ქაოსურად)

თუ ერთი დღე Git-ს სწავლობთ, მეორე დღეს CSS-ის თვისებებს, ხოლო მესამე დღეს JavaScript Promises-ს, საკუთარ თავს ძალიან გაურთულებთ საქმეს. შემთხვევითი თემების არჩევის ნაცვლად, იპოვეთ სტრუქტურირებული გზა. შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • მაგალითად, ჰარვარდის cs50p, პითონის კურსი, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვები მეც ჩემს ამ კურსში. თუმცა, ცხადია, კიდევ ბევრ თემას ვამატებ გზადაგზა.

წინასწარ გაწერილი გეგმის მიყოლის მთავარი პლიუსი ის არის, რომ ზუსტად გეცოდინებათ რა და როდის უნდა ისწავლოთ. საფეხურიდან საფეხურზე გადასვლისას კი დაინახავთ პროგრესს და იგრძნობთ, რომ მართლაც წინ მიიწევთ.

რჩევა 2: ფოკუსირდით თითო ჯერზე მხოლოდ თითო რამეზე

პროგრამირების შესწავლისას, შეიძლება გაგიჩნდეთ ცდუნება, რომ ერთდროულად რამდენიმე რამ აითვისოთ, რათა პროცესი დააჩქაროთ. თუმცა, ამან შეიძლება თქვენი ყურადღება გაფანტოს და გაართულოს დამახსოვრება.

გირჩევთ, დარჩეთ ერთ თემაზე მანამ, სანამ საბაზისო საკითხებს კარგად არ გაიაზრებთ (განსაკუთრებით საწყის ეტაპზე):

  • მაგალითად, თუ ჯერ HTML-ს სწავლობთ, დარწმუნდით, რომ იცით ძირითადი თეგები და შეგიძლიათ ძალიან მარტივი ვებგვერდის აწყობა, სანამ CSS-ზე გადახვალთ.
  • მომავალში, თუ შეგხვდებათ ისეთი HTML თეგი, რომელიც არ იცით, შეგიძლიათ ცოტა დრო დაუთმოთ კონკრეტულად მის შესწავლას.

რჩევა 3: იყავით აქტიური შემსწავლელი

ნუ მიიღებთ ინფორმაციას პასიურად. უბრალოდ ჯდომა და ინსტრუქტორის ყურება, საკუთარი ძალებით ცდის გარეშე, შორს ვერ წაგიყვანთ. ამის ნაცვლად, სცადეთ ახალი ინფორმაციის მიღების და მისი რეალურ პრაქტიკაში გამოყენების კომბინირება.

მაგალითად, როდესაც პირველად ვსწავლობდი კოდის წერას, ასე ვიქცეოდი:

  1. ვუყურებდი ვიდეოს და ვცდილობდი ინსტრუქტორთან ერთად მეწერა კოდი. (თუ რამეს კარგად ვერ ვიგებდი, უკან ვახვევდი და თავიდან ვუყურებდი).
  2. ყოველი გაკვეთილის შემდეგ კურსს ვაპაუზებდი და ვცდილობდი ნაჩვენები მაგალითები დამოუკიდებლად შემესრულებინა, ისე რომ ვიდეოში აღარ ჩამეჭყიტა.

ახალნასწავლი მასალის ხელმეორედ, დამოუკიდებლად დაწერა საწყის კოდში ჩახედვის გარეშე საუკეთესო გზაა იმის შესამოწმებლად, თუ რა დაგამახსოვრდათ. ზუსტად ეს გეხმარებათ სუსტი წერტილების აღმოჩენაში!

რჩევა 4: უბრალოდ ნუ დაიზეპირებთ მასალას

გაიხსენეთ სკოლის პერიოდი, როდესაც ისტორიულ თარიღებს იზეპირებდით ტესტების ჩასაბარებლად! სამწუხაროდ (ან საბედნიეროდ, ვისთვის როგორ) HTML-ის სწავლა ყველა თეგის დაზეპირებით ნამდვილად არ იქნება ეფექტური. კოდირება პრაქტიკული უნარია და არა აბსტრაქტული ფაქტების კრებული.

მაგალითად, Flexbox-ს ბევრად უფრო სწრაფად ისწავლით, თუ CodePen-ში ერთი-ორი დღე ითამაშებთ სხვადასხვა თვისებებით, ვიდრე უბრალოდ flex-grow-ს განმარტებას დაიზეპირებთ.

არცერთმა ვებ-დეველოპერმა არ იცის ყველაფერი ზეპირად. ჩვენ ყველა გამუდმებით ვიყენებთ Google-ს (ან DuckDuckGo-ს) ინფორმაციის მოსაძიებლად. გარკვეულწილად, Stack Overflow, MDN და ახლა უკვე უამრავი AI მოდელი (ChatGPT, Gemini, Claude) თქვენი ტვინის გაგრძელებად იქცევა. მთავარი მიზანია, შეძლოთ, ვებსაიტების აწყობა.

რჩევა 5: შექმენით პროექტები

ვიდეოგაკვეთილების ყურება და პროგრამირების კურსების გავლა მხოლოდ დასაწყისია. პროექტების კეთება ნამდვილად საუკეთესო გზაა კოდირების სასწავლად.

ჩემს პირველ პროექტში ხშირად მიწევდა ისეთი საქმეების კეთება, რომლის შესრულებაზეც წარმოდგენა არ მქონდა (მაგ: ლენდინგ გვერდის აწყობა ბაზასთან კავშირით). ერთადერთი გამოსავალი იყო საქმეში პირდაპირ თავით გადაშვება:

  • ვეძებდი ინფორმაციას.
  • ვცდილობდი დამოუკიდებლად მემუშავა.
  • და როცა ნამდვილად ვიჭედებოდი, დახმარებას ვითხოვდი.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ზოგჯერ მტკივნეული იყო, დასრულებულ ვებსაიტზე დაკვირვებისას ვხვდებოდი, რომ ნამდვილად ღირდა. ხელშესახები მიზნის ქონა უაღრესად მამოტივირებელია — მიზნის მიღწევისას გრძნობთ, რომ მართლაც შექმენით რაღაც ღირებული!


ავტორის შესახებ

გიგი ჩაკაბერია

beck-end დეველოპერი და მენტორი