Django, Flask თუ FastAPI: backend დეველოპმენტი

ჯანგო, ფლასკი თუ FastAPI. რომელია საუკეთესო არჩევანი back-end დეველოპმენტისთვის? გაეცანით თითოეული მათგანის უპირატესობებს.

By გიგი ჩაკაბერია
Django, Flask თუ FastAPI: backend დეველოპმენტი

თუ Python-ის დეველოპერი ხართ და ვებ-აპლიკაციების შექმნა გსურთ, ალბათ გაინტერესებთ, რომელია საუკეთესო არჩევანი: Flask, Django თუ FastAPI?

სიმართლე ისაა, რომ სამივე ძალიან კარგია. განსხვავება იმაშია, რომ თითოეული მათგანი განსხვავებულ პრობლემას ჭრის. ამიტომ, სწორი არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ქმნით, რამდენად სტრუქტურირებული მიდგომა გსურთ და რა კომპრომისებზე ხართ წამსვლელი.

აი, მარტივი მიმოხილვა, რათა თითოეული მათგანის დანიშნულება უფრო ნათელი გავხადოთ:


1. გამოიყენეთ Flask, როდესაც გსურთ სიმარტივე და კონტროლი

Flask გაძლევთ ვებ-აპლიკაციის ასაშენებლად საჭირო საბაზისო ინსტრუმენტებს და შემდეგ თქვენვე გაძლევთ საშუალებას გადაწყვიტოთ, როგორ უნდა იმუშაოს დანარჩენმა. სწორედ ამიტომ, ის Python-ის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად სასწავლი ვებ-ფრეიმვორქია.

თუ ვებ-დეველოპმენტში დამწყები ხართ, Flask ძალიან სასარგებლოა, რადგან აქ ნაკლები „ფრეიმვორქის მაგიაა“, რომელიც ბევრ პროცესებს მალავს და ასრულებს ,,კულისებს მიღმა". თქვენ შეგიძლიათ ნაბიჯ-ნაბიჯ დაინახოთ, როგორ მუშაობს მოთხოვნები (requests), პასუხები (responses), მარშრუტები (routes), შაბლონები (templates) და API-ები. ეს Flask-ს კარგ არჩევანად აქცევს მცირე აპლიკაციებისთვის, პროტოტიპებისთვის, ჰობი-პროექტებისთვის, მარტივი API-ებისთვის და ვების საფუძვლების შესასწავლად.

თუმცა, ამ მოქნილობას თავისი ფასი აქვს. პროექტის ზრდასთან ერთად, უფრო მეტი გადაწყვეტილების მიღების ტვირთი თქვენზე გადმოდის. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ როგორ დაასტრუქტუროთ აპლიკაცია, როგორ მართოთ ავთენტიფიკაცია, დააკავშიროთ მონაცემთა ბაზა, მოაწყოთ მარშრუტები, მოახდინოთ მონაცემების ვალიდაცია და აირჩიოთ სწორი ბიბლიოთეკები. ეს ცუდი სულაც არ არის. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ Flask კონტროლს გაძლევთ და თქვენს მაგივრად ბევრ გადაწყვეტილებას არ იღებს (განსხვავებით Django-სგან).


2. გამოიყენეთ Django, როდესაც გჭირდებათ სტრუქტურა და ჩაშენებული ფუნქციები

Django ბევრად უფრო კომპლექსური და სრულყოფილია. მას ბევრი რამ უკვე ჩაშენებული აქვს: ORM, ავთენტიფიკაცია, ადმინ-პანელი, შაბლონები, მონაცემთა ბაზის ინსტრუმენტები, პროექტის სტრუქტურა და პატერნები, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი და სხვები, რომლებიც უკვე გადაწყვეტილია თქვენთვის. Back-end დეველოპმენტის ბევრი რუტინული პრობლემა ჯანგოში თავიდანვე მოგვარებულია.

ეს Django-ს ძლიერ არჩევნად აქცევს დიდი ან მონაცემებზე ორიენტირებული ვებ-აპლიკაციებისთვის. თუ თქვენს აპლიკაციას სჭირდება მომხმარებლები, ავთენტიფიკაცია, ნებართვები, მონაცემთა ბაზის მოდელები, დაშბორდები, ადმინის ინსტრუმენტები, CMS-ის სტილის ფუნქციები ან ტრადიციული full-stack გარემო, Django-ს შეუძლია დიდი დრო დაგიზოგოთ, რადგან ეს ასპექტები მას ქარხნულად მოჰყვება!

თუმცა, კომპრომისი ისაა, რომ Django-ს სწავლა უფრო რთულია. მასში მეტი მოძრავი ნაწილია და შეიძლება მეტი დრო დაგჭირდეთ იმის გასაგებად, თუ როგორ უკავშირდება ყველა კომპონენტი ერთმანეთს. ის შეიძლება ზედმეტად გადატვირთულადაც მოგეჩვენოთ, თუ მხოლოდ პატარა API ან სწრაფი პროტოტიპი გჭირდებათ.

მაგრამ თუ რაღაც უფრო სერიოზულს აშენებთ, განსაკუთრებით ბევრი მონაცემითა და მრავალი ფუნქციონალით, Django, როგორც წესი, ოპტიმალური არჩევანია. მას ასევე აქვს ჩამოყალიბებული ეკოსისტემა, დიდი საზოგადოება და ალბათ ყველაზე მაღალი მოთხოვნა დასაქმების ბაზარზე ამ სამს შორის.


3. გამოიყენეთ FastAPI, როდესაც აშენებთ API-ებს

FastAPI არის თანამედროვე, მაღალი წარმადობის მქონე ვარიანტი API-ების შესაქმნელად. ის აგებულია Python-ის type hints-ის, ავტომატური ვალიდაციის, ასინქრონული მხარდაჭერის და ავტომატურად გენერირებული API დოკუმენტაციის გარშემო.

ეს მას ძალიან ძლიერს ხდის მაშინ, როდესაც თქვენი მთავარი მიზანი API-ის აშენებაა. თუ ქმნით ბექენდ სერვისებს, მიკროსერვისებს ან ისეთ აპლიკაციებს, სადაც API უპირველესია (API-first), FastAPI იდეალური არჩევანია. თქვენ განსაზღვრავთ მონაცემთა ფორმას, FastAPI კი თავის თავზე იღებს ვალიდაციის დიდ ნაწილს და თქვენ ავტომატურად იღებთ მკაფიო დოკუმენტაციას, რაც API-ის ტესტირებასა და გაგებას აადვილებს.

ის ასევე ყველაზე ძლიერი არჩევანია ამ სამს შორის, როდესაც სიჩქარე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის ასინქრონული პროგრამირების გარშემოა შექმნილი.

მაგრამ FastAPI არ ცდილობს იყოს Django. ის არ გაძლევთ იმავე "full-stack" და ყველაფრით უზრუნველყოფილ გამოცდილებას. თუ თქვენ გჭირდებათ ჩაშენებული ადმინ-პანელი, სრულყოფილი ავთენტიფიკაციის სისტემა, შაბლონები და ვებ-აპლიკაციის ტრადიციული სტრუქტურა, Django-მ შეიძლება ბევრად მეტი პრობლემა აგარიდოთ თავიდან. FastAPI საუკეთესო მაშინაა, როდესაც თავად პროდუქტია API.


შეჯამება:

არ აირჩიოთ ფრეიმვორქი მხოლოდ იმიტომ, რომ ის ყველაზე ახალი, სწრაფი ან პოპულარულია. აირჩიეთ ის იმის მიხედვით, თუ როგორი სახის პროექტს აშენებთ.

თუ გსურთ Python-ის საფუძვლიანად შესწავლა, რეალური ვებ-აპლიკაციების აშენება და ამ ტექნოლოგიების პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენება, გირჩევთ გაიაროთ ScaleUp Academy-ის Python-ის კურსი.


ავტორის შესახებ

გიგი ჩაკაბერია

back-end დეველოპერი და მენტორი