როგორ შევინარჩუნოთ სწავლის მოტივაცია?
გიჭირთ პროგრამირების დამოუკიდებლად სწავლა? გაეცანით 3 პრაქტიკულ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ არ დანებდეთ და მიაღწიოთ მიზანს.
აბა, თუ გეცნობათ ეს სიტუაცია: გადაწყვიტეთ პროგრამირების სწავლა! დიდი შემართებით ჩართავთ YouTube-ზე რაიმე კურსს და მიზნად ისახავთ ის ბოლომდე გაიაროთ! გეგმა იდეალურია, მაგრამ აქ ჩნდება მთავარი დაბრკოლება — სამსახური (ან უნივერსიტეტი).
მთელი დღის განმავლობაში ეს რუტინა (მუშაობა/უნივერსიტეტში სიარული) ისე გწურავთ და გფიტავთ ენერგიისგან, რომ საღამოს, როცა კოდის წერას უნდა მიუჯდეთ, ტვინი უბრალოდ უარს ამბობს კონცენტრაციაზე. მიუხედავად ამისა, ძალებს იკრებთ, მონიტორს უჯდებით და ღამეებს მაინც ათენებთ, დილით კი... ისევ ადრიანად იღვიძებთ იმავე სამსახურში დასაბრუნებლად. საბოლოოდ, ეს დამღლელი გრაფიკი იმდენად გფიტავთ, რომ ნელ-ნელა ხვდებით, გადაღლილობის გამო განვლილ მასალაზე საკმარისი არ ივარჯიშეთ და თურმე რაც ისწავლეთ ნელ-ნელა ისიც გავიწყდებათ. თანაც, არავინ გყავთ, ვისაც დახმარება შეიძლება სთხოვოთ.
რამდენიმე თვეში უძილობა და გადაღლა თავისას შვრება. ხვდებით, რომ იმ მიზანს, რასაც 6 თვეში ახალი სამსახურის დაწყება ჰქვია, ახლოსაც ვერ მიუახლოვდით. ეს ყველაფერი საშინლად გამომფიტველია. გადაწყვეტთ, ცოტა დაისვენოთ, რადგან ენერგია საერთოდ აღარ გაქვთ. თუმცა, ეს „ცოტა“ თვეობით გრძელდება და საბოლოოდ, პროგრამირების სწავლისა და საოცნებო სამსახურის დაწყების იდეას სადღაც, გონების შორეულ კუთხეში ინახავთ: „ჯანდაბას, იქნებ მომავალ წელს ვცადო“.
თუ კოდის წერის დამოუკიდებლად სწავლას ცდილობთ, ეს ისტორია ალბათ ძალიან გეცნობათ. დამოუკიდებლად რაიმეს სწავლა რადიკალურად განსხვავდება მენტორთან ერთად შესწავლისგან. აქ არც სავალდებულო გაკვეთილებია, არც საშინაო დავალებები ან ჩაჭრის შიში, რაც მოტივაციას შეგინარჩუნებდათ.
როცა დამოუკიდებლად სწავლობთ, მოტივაცია თავად უნდა გამოძებნოთ, რაც უდიდესი გამოწვევაა. მაშ, როგორ უნდა მოახერხოთ, რომ სწავლა გააგრძელოთ და არ დანებდეთ? ამ სტატიაში 3 რჩევას გაგიზიარებთ.
1. ყოველთვის გახსოვდეთ საბოლოო მიზანი
შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ დაწყებისას მიზნის მუდმივად გახსენება მართლაც აუცილებელია. რეალურად რატომ სწავლობთ პროგრამირებას?
- იქნებ ვებ-დეველოპერად სრულ განაკვეთზე დასაქმება გინდათ, რომ ოჯახი ფინანსურად უზრუნველყოთ?
- ან იქნებ მოქნილი გრაფიკი გსურთ, რომ ნებისმიერი ადგილიდან იმუშაოთ?
- ან სულაც, საკუთარი თავის უფროსი გინდათ იყოთ!
როგორც კი მიხვდებით, რა გინდათ, ეს დიდი მიზანი პატარა, მარტივად მისაღწევ ნაბიჯებად დაყავით; ზუსტად ისე, როგორც გრძელი მგზავრობისას ვისვენებთ ხოლმე პერიოდულად.
გახსოვდეთ, მოტივაცია ყოველთვის არ გექნებათ. თვით მოტივაციის განსახიერება, კრიშტიანუ რონალდუ, ამბობს ინტერვიუში, რომ ყოველდღიურად მასაც არ ეხალისება სავარჯიშო დარბაზში გამოცხადება და გათიშვამდე ვარჯიში. მაგრამ მოტივაციას დისციპლინას ამჯობინებს და ალბათ ეს არის არა მარტო მისი, არამედ ყველა მისნაირი ტოპ პერფორმერის წარმატების საიდუმლოც. სხვათაშორის, მუჰამედ ალის აქვს ასეთი ცნობილი გამონათქვამი:
„ვარჯიშის ვერცერთ წუთს ვერ ვიტანდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: 'არ დანებდე. იტანჯე ახლა და დარჩენილი ცხოვრება ჩემპიონივით იცხოვრე.'“
სიზარმაცე, გადაღლილობა და მსგავსი ხელისშემშლელი ფაქტორები ცხოვრების ბუნებრივი მოცემულობებია. მოტივაცია ნიავივითაა; ხან დაუბერავს, და ხანაც არა. მაგრამ ის რაც მუდამ ჩვენთანაა და ყოველ ჯერზე უნდა ავირჩიოთ, არის დისციპლინა; ყოველდღიური ვარჯიში - თუნდაც ეს მხოლოდ ხანმოკლე სამეცადინო სესია იყოს!
2. განვითარდით თანმიმდევრულად
ნებისმიერ საქმეში დახელოვნებისას ერთ-ერთი ყველაზე დიდი მახე არარეალისტური მოლოდინები და რაც მთავარია, დაჩქარებული ვადებია.
ფიქრი, რომ 6-დან 12 კვირაში სრულიად დამწყებიდან პროფესიონალ ვებ-დეველოპერად იქცევით; სუფთა წყლის თვითსაბოტაჟია. მაგალითად, შეიძლება თავი საშინლად იგრძნოთ იმიტომ, რომ საბაზისო HTML-ის სწავლას 3 კვირა მოანდომეთ, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ იამაყოთ ამ მიღწევით. როცა ამ არარეალურ ვადებში ვერ ეტევით, საკუთარ პროგრესს ხელს თავადვე უშლით.
რა თქმა უნდა, ბევრი რამ თქვენს ყოველდღიურობაზეა დამოკიდებული. თუ სრულ ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობთ, ან ბავშვები გყავთ, ბუნებრივია, იმაზე ნაკლები დრო გექნებათ. მოკლედ, ეცადეთ რეალურად შეაფასოთ თქვენი პროგრესი. ეს მარათონია და არა სპრინტი.
დაწყებისას შეიძლება დიდი ენთუზიაზმი გქონდეთ და დღეში საათები დაუთმოთ სწავლას. თუმცა, ასე შეიძლება ძალიან მალე გადაიწვათ. უფრო მეტი შანსია ბოლომდე გახვიდეთ, თუ განსაზღვრავთ, რა დროის დათმობა შეგიძლიათ რეალურად და ყოველდღიურად. შემდეგ კი ეს ჩვევად აქციეთ.
3. არ შეადაროთ საკუთარი თავი სხვებს
ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რთულია არ შეამჩნიო, რას აკეთებენ ან რას აღწევენ სხვები. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ყველას ფეხი უნდა აუწყოთ.
ყველას განსხვავებული სიტუაცია აქვს და სხვადასხვა ტემპით ვითარდება. ზოგს თქვენზე მეტი დრო ექნება, ან რაღაცებს უფრო მარტივად აითვისებს. ზოგს კი პირიქით. არავინაა სხვებზე უკეთესი და საბოლოო ჯამში, სხვა ადამიანების მიღწევებს თქვენს პროგრესზე პირდაპირი გავლენა არ აქვს.
პროგრამირების სწავლა მართლა ძალიან რთული საქმეა და თუ ამ გზაზე უკვე დგახართ, ნამდვილად დასაფასებელია! მაშინაც კი, თუ გრძნობთ, რომ სრულიად დაკარგული ხართ, უბრალოდ იცოდეთ, რომ თუ არ დანებდებით, დროთა განმავლობაში ყველაფერი მოვა.
გჭირდებათ დახმარება ამ გზის გავლაში? 🚀
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დამოუკიდებლად სწავლა, განსაკუთრებით კი დატვირთული გრაფიკის ფონზე, უზარმაზარ ნებისყოფას მოითხოვს. თუ გსურთ, რომ თავიდან აირიდოთ "Tutorial Hell" (დამღლელი და უშედეგო ვიდეო-გაკვეთილების ყურება), შეინარჩუნოთ მოტივაცია და ისწავლოთ სტრუქტურირებულად მენტორებთან ერთად, ScaleUp Academy დაგეხმარებათ:
- Python & AI ინჟინერიის კურსი: იდეალური არჩევანია დამწყებთათვის. შეისწავლეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ენა, შექმენით ვებ-აპლიკაციები და რეალური პროექტები პროფესიონალების მენტორობით.
- მონაცემთა ანალიტიკის კურსი (Data Analytics): თუ გიყვართ ლოგიკა, რიცხვები და პრობლემების გადაჭრა, ეს კურსი გასწავლით, როგორ აქციოთ ქაოსური მონაცემები ღირებულ ბიზნეს-გადაწყვეტილებებად.
ჩანიშნეთ უფასო საკონსულტაციო შეხვედრა ScaleUp აკადემიის ნებისმიერ ლექტორთან და გადადგით პირველი ნაბიჯი თქვენი საოცნებო პროფესიისკენ დღესვე.
ავტორის შესახებ
გიგი ჩაკაბერია
Back-end დეველოპერი და მენტორი